გურჯაანის მუნიციპლიტეტის მერის ხელფასი 5 ათას ლარამდე გაიზარდა. 2022 წლიდან, უფლებამოსილების ამოწურვამდე, ზურაბ უტიაშვილი გაზრდილ ხელფასს მიიღებს.
ცვლილება მერის თანამდებობრივი სარგოს შესახებ, გურჯაანის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტში უკვე აისახა. ხელფასის ზრდა რადიო ჰერეთთან, თავად ზურაბ უტიაშვილმაც დაადასტურა.
” ხელფასები ყველა მუნიციპალიტეტში გაიზარდა. არის სპეციალური შკალა და ამის მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობაში, ძალიან დაბალი ხელფასებია. ამიტომ გადაწყდა, ყველგან გათანაბრდეს და მუნიციპლიტეტებშიც რანგირებულმა მოხელეებმა შესაბამისი ხელფასები აიღონ. გიდასტურებთ, რომ ჩემი ხელფასი, დარიცხული თანხა იქნება, 5 ათასი ლარი,”- განაცხადა უტიაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტში, რომელიც საკრებულომ ცხრა დღეში, 24 ნოემბერს დაამტკიცა, ხელფასების ზრდისთვის ნახევარი მილიონი ლარია გათვალისწინებული.
1 მილიონი ლარი გაითვალისწინეს ბიუჯეტის პროექტში, თელავის მუნიციპალიტეტშიც, თუმცა, მთავარი საფინანსო დოკუმენტი, საკრებულომ მერიას შენიშვნებით დაუბრუნა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურში განმარტავენ, რომ სახელფასო ფონდის რაოდენობა დაკორექტირდება და თანდებობრივი სარგოს განსაზღვრა მოხდება.
“ეს არის სახელფასო ფონდი, რომელიც აუცილებლად დაკორექტირდება და შეიცვლება. ბიუჯეტი უკან დაბრუნდა და ჯერ არის ვადა, რომ ახლადარჩეული მერის წარმოდგენას პრიორიტეტების შესახებ, შესაბამოს”, – განაცხადეს საფინანსო სამსახურში.
რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების განხილვა საკრებულოებში უკვე დასრულებულია, თუმცა, გურჯაანის მუნიციპლიტეტის გარდა ახალი ბიუჯეტი, ჯერჯერობით, არავის დაუმტკიცებია.