ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ოპოზიცია საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას აპროტესტებს, კვლავ ხმაურია. პოლიციამ ადგილზე 2 პირი დააკავა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი არის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი დავით ფიფია.
ოპოზიციის წარმომადგენლები შენობის გარეთ სპეციალური საშუალებით წარწერების გაკეთებას ცდილობენ, რის უფლებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
პარალელურად შენობის შიგნით ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა მიმდინარეობს, საიდანაც ოპოზიციის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ პოლიციამ გამოიყვანა.
პოლიცია მობილიზებულია ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის შიგნით და გარეთაც.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს უყრიან. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს „წინა მოწვევის საკრებულოს“, სადაც მმართველ გუნდს უმრავლესობა აქვს, კანონდარღვევით მიაღებინოს მომდევნო წლის ბიუჯეტი.