აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში, სადაც ბათუმის საკრებულოს ძველი მოწვევის დეპუტატები სხდომას მართავენ, ამ დრომდე ხმაური და დაპირისპირებაა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ცოტა ხნის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური დეპუტატები ლევან ანთაძე და ელგუჯა ბაგრატიონი შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ისინი საკრებულოს სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ, სადაც ძველი მოწვევის დეპუტატები ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობენ, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცათ.
“ჭიდაობენ, ფეხს მკრავენ და მგდებენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს უმაღლესი საბჭოდან. კანონი ფეხებზე ჰკიდიათ”, – თქვა ლევან ანთაძემ.
“პოლიციელებს აპირისპირებენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს. დარბაზში კი არა ჩემს სამუშაო ოთახშიც არ მიშვებენ”, – ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან დილიდან ხმაურია. დაპირისპირების მიზეზი ისაა, რომ საკრებულოს ძველი შემადგენლობა, სადაც უმრავლესობა მმართველ გუნდს აქვს, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობს.