“ძველმა საკრებულომ ახალი ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცოს”- ეს განცხადება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რადიო ჰერეთთან გააკეთა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
არჩილ თხლაშიძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის დასამტკიცებლად, საკრებულოს სხდომის მოწვევის აუცილებლობა არ დგას და ამის საშუალება ახალ საკრებულოს უნდა მიეცეს.
” ჩემი პოზიციაა, რომ ახალი ბიუჯეტი ახალმა საკრებულომ დაამტკიცოს. გარკვეული პროცედურები ისედაც გასავლელია. 15 ნოემბრამდე, მერიამ ბიუჯეტი წარმოადგინა. ჩვენ კომისიებსა და ფრაქციებში განვიხილეთ და დღეს, შენიშვნებით დავაბრუნეთ უკან. 10 დეკემბრამდე აქვთ ვადა, შეასწორონ, ან დაასაბუთონ რატომ არ გვეთანხმებიან. ასე, რომ სასწრაფოს ვერაფერს ვხედავ, ახალმა საკრებულომ დაამტკიცოს ბიუჯეტი და თავად განსაზღვროს მისაღებია თუ არა, მისთვის მთავარი ფინანსური დოკუმენტი”- განაცხადა თხლაშიძემ.
თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვაში, ოპოზიციური პარტიები არ მონაწილეობდნენ. მთავარ საფინანსო დოკუმენტს, მხოლოდ გახარიას პარტიის წევრები ეცნობოდნენ, რომლებსაც საკრებულოში ფრაქცია ” კონსერვატორები” აქვთ შექმნილი.
თელავის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 27 მილიონ 695 ათას 500 ლარია, რაც გასული წელთან შედარებით, თითქმის 5 მილიონი ლარით მეტია.
კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი მოწვევის საკრებულო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, 30 დღიან ვადაში უნდა შეკრიბოს.