მთავარი ფინანსური დოკუმენტის სამუშაო ვარიანტი დღეს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრებმა განიხილეს.
ორი საათის განმავლობაში არკვევდა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია აღმასრულებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტში სადავო საკითხებს.
სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს ფიქრია ხაჭაპურიძეს, გაუჭირდა დაესახელებინა მისი სამსახურის მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა და შესაბამისად ისიც, თუ რამდენით არის გაზრდილი მომდევნო წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, აღნიშნული სამსახურის პროგრამებისთვის გაწერილი თანხა.
აღმასრულებელს არ ჰქონდა დაზუსტებული, რა პრინციპით უნდა გასცეს მომდევნო წელს თანხა ონკოლოგიური პაციენტების გამოკვლევების დასაფინანსებლად და არც ის იცოდა, რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს დიაბეტის მქონე ადამიანების მკურნალობის დაფინანსების თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ, განსაზღვრავს ამ პროგრამის არსებობას აღნიშნულ ბიუჯეტში.