ექსპრემიერი გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ის გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებითაა წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს.
განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ ბრიფინგზე გააკეთა და თან იმედი გამოთქვა, რომ როგორც „ოცნება“, ისე, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს მის კანდიდატებს დაუჭერს
“ჩვენ უარი ვთქვით საკრებულოებში თანამდებობებზე და შევთავაზეთ პირველ/მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შეთანხმების გზით, აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები. ეს იყო შესაძლებლობა თითოეული ამ პარტიისთვის დამდგარიყო ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა და ქვეყნის ინტერესები დაეყენებინა პირველ რიგში, რაც სამწუხაროდ ვერ მოახერხეს…
ამიტომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ წარმოდგენილია გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით, ჩვენ ვაყენებთ ჩვენს კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციებზე. ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ამ კონფიგურაციაში ორივე, პირველ და მეორე ადგილზე გასული პარტიები დაუჭერენ ჩვენს კანდიდატებს მხარს და თავად ამ პარტიის წარმომადგენლები კი, იქნებიან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები”,- თქვა კახა ქემოკლიძემ.
ბრიფინგზე ქემოკლიძემ ისაუბრა “ოცნების” გეგმაზე, ახალი საკრებულოების დამტკიცებამდე, არსებული საკრებულოების მეშვეობით, დაამტკიცოს მუნიციპალური ბიუჯეტები.
გახარიას პარტიის წევრი ყოფილ თანაგუნდელებს მოუწოდებს, არ გააგრძელოს პოლიტიკური თაღლითობა და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება.