პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტში პროგრამით დაფინანსებული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, „განახლებული რეგიონების“ პროგრამა 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
ამასთან, პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ შეარჩია, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.
სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური მოედნის და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის, წალენჯიხის ცენტრალური უბნის, ჩხოროწყუს კულტურის სახლისა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„განახლებული რეგიონების“ პროგრამის შედეგად, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები.