ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი, რომელიც 13 მილიონ 434 ათას 800 ლარით განისაზღვრა, ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში ახლა განხილვის სტადიაშია. ირკვევა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 2021 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 1 მილიონ 110 ათას 300 ლარით იზრდება. ბიუჯეტის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული ზრდა განპირობებულია მომსახურების ხარჯების ზრდით. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა ჯერ კიდევ გასულ კვირას წარუდგინა საკრებულოს ბიუროს წევრებს. საკრებულოში საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და დოკუმენტის პროექტი ფრაქციებსა თუ კომისიებში განხილვას გადის. 22 ნოემბრისთვის კი მერიის სააქტო დარბაზში პროექტის საჯარო განხილვაა დაგეგმილი.
ერთ-ერთი პირველი, სადაც მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტზე იმსჯელეს, ქონების მართვის კომისიაა, სადაც საკითხი ალექსანდრე სარიშვილმა მერიის საფინანსო სამსახურის უფროსთან, როლანდ ლაშხიასთან ერთად წარადგინა.
ლანჩხუთის მერის განმარტებით, ბიუჯეტის პროექტის ფორმირებისას მუნიციპალიტეტში არსებული ყველა ა(ა)იპ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა შესაძლებლობების ფარგლებში.
კომისიის წევრებმა კი საკითხის განხილვის შემდეგ საკუთარი რეკომენდაციები და შენიშვნები დააფიქსირეს ბიუჯეტის პროექტის როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვით ნაწილთან მიმართებაში.
ქონების მართვის კომისიაში მიაჩნიათ, რომ 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების თანხა.
ირკვევა, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გზების მიმდინარე შეკეთებასთან დაკავშირებით, პროექტში 150 ათასი ლარია ჩადებული. კომისიაში თვლიან, რომ ამ მხრივ სატენდერო პირობებში ცვლილების შეტანაა საჭირო, კერძოდ პროექტების შესრულების ვადებთან დაკავშირებით, პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად, უნდა დაწესდეს გარკვეული სტანდარტები.
წყლის სისტემის განვითარებაზე, წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 85 000 ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული. კომისიის წევრთა პოზიციით, იქედან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტის უმეტეს ადმინისტრაციულ ერთეულში წყლის სისტემა მოძველებულია, აღნიშნული თანხა საკმარისი არაა.
მათივე არგუმენტით, უნდა გაიზარდოს მძიმე საცხოვრებელ პირობებში უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარების პროგრამა, მინიმუმ 25 ათასი ლარით.
კომისიის წევრთა აზრით, მიზანშეწონილია, რომ რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობასთან დაკავშირებით განისაზღვროს თანხის მიზნობრიობა.