რა ჯდება გორის მერიის იმ სამსახურების და ა(ა)იპ-ების ცალ-ცალკე შენახვა, რომლებსაც მსგავსი ფუნქციები აქვთ – ჟურნალისტური გამოძიება

701

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ყოველთვიურად მერიის 9 სამსახურის და 11 ა(ა)იპ-ის ხარჯებს ფარავს. ბიუჯეტიდან გაიცემა იქ მომუშავე პირთა ხელფასებიც. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

როგორია რეალობა? რამდენად საჭიროა მუნიციპალიტეტში 9 სამსახურის და 11 ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება? რამდენად განსხვავებულ მიზნებს და ამოცანებს ემსახურებიან ისინი? – სწორედ ამ საკითხებს მოიცავს რადიო “მოზაიკას” მორიგი ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც აჩვენა, რომ მერიის რამდენიმე სამსახური ზოგიერთი ა(ა)იპ-ის იდენტური მიმართულებით მუშაობს და ამისთვის ბიუჯეტიდან ცალკე დაფინანსებას იღებს.

მხოლოდ სამსახურების ხელმძღვანელ პირთა ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება შეადგენს 15 300 ლარს, რაც წლის განმავლობაში 183 600 ლარია. გარდა ამისა, ბიუჯეტიდან ყოველთვიურად ხელფასს იღებენ აღნიშნულ სამსახურებს დაქვემდებარებული განყოფილებების ხელმძღვანელებიც –  მათი ყოველთვიური ანაზღაურება 1 200 ლარს შეადგენს. თითოეული სამსახურს კი მინიმუმ ორი განყოფილება აქვს. მათი ხელმძღვანელების წლიური სარგო ჯამში 388 800 გამოდის.

რაც შეეხება მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებს. თითოეული სააგენტოს დირექტორის თვიური ხელფასი 1 600 ლარზე მეტია. ერთი წლის განმავლობაში კი მათი ანაზღაურებისთის დაახლოებით 217 000  ლარზე მეტი იხარჯება.

Სამსახურის ხელმძღვანალების ანაზღაურება განყოფილების
უფროსების
ანაზღაურება
ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელების ანაზღაურება
ერთ თვეში 15 300 ლარი 32 400 ლარი 18 000 ლარი
ერთ წელში 183 600  ლარი 388 800 ლარი 217 000 ლარი

ჯამში, გორის ბიუჯეტს 9 სამსახურის და 11 ა(ა)იპ-ის მხოლოდ ხელმძღვანელი პირების ერთწლიანი მომსახურება  ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უჯდება. ადგილობრივი ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს დანახარჯი გონივრული და გამართლებულია.