15 ნოემბერს ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის“ წარომადგენელმა ლევან გოლუბიანმა დეპუტატებს მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარების ხედვა წარუდგინა. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
„პირველ რიგში, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი – საკრებულოს წევრების, სპეციალისტების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით.
სამუშაო ჯგუფს განესაზღვრება გარკვეული პერიოდი, რის შემდეგაც საკრებულოს წარედგინება:
- მიუსაფარი ცხოველების სტატისტიკური აღწერა;
- სხვადასხვა ქალაქებისა და ქვეყნების გამოცდილება;
- პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზები, შესაბამისი გაწერილი ბიუჯეტით;
- საჭირო თანხების მობილიზების გზები (როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ფონდებიდან);
- მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობის ზრდის პრევენცია, რაც მოიცავს:
– ცნობიერების ამაღლებას,;
– ქუჩიდან მათი აყვანის წამახალისებელ ღონისძიებებს;
– საჯარიმო სანქციების დაწესების შესაძლებლობებსა და ა.შ.
საკრებულოს წევრებმა ინიციატივა მოისმინეს და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
თავის მხრივ, ა/ო „ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირი“ მზადაა, თავისი წარმომადგენელი ჩართოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში“.