ერთი წელია, რაც ხარაგაულში წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა მიმდინარეობს. ეს სამუშაოები, ხელშეკრულების თანახმად, 2021 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო. ინფორმაციას “ჩემი ხარაგაული” ავრცელებს.
ტენდერში გამარჯვებული მშენებელი კომპანია „ლ და კ“-ს დამფუძნებელი დავით კაპანაძე ამბობს, რომ პროექტში ცვლილება რამდენჯერმე განხორციელდა.
„პროექტის ცვლილებას გარემოს დაცვის სამინისტროსგან თანხმობა სჭირდებოდა, რომელიც ახლახან მივიღეთ, – ამბობს დავით კაპანაძე, – ჩვენ რაც გვევალებოდა, თითქმის შევასრულეთ – ხარაგაულში ცენტრალური მაგისტრალი მოვაწყვეთ და მოსახლეობის წყლის სისტემები ამ მაგისტრალზე დავაერთეთ. დავასრულეთ ლეღვანსა და ხარაგაულში ჭაბურღილებისა და რეზერვუარების მშენებლობა.
უახლოეს დღეებში მრავალბინიანი კორპუსების გამრიცხველიანებას დავიწყებთ. ვნახოთ, როგორი ამინდები იქნება. ოქტომბერში, ფაქტობრივად, უამინდობის გამო ვერ ვიმუშავეთ. სავარაუდოდ, ყველა სამუშაოს თვენახევარში დავასრულებთ“.
ხარაგაულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას შპს „ლ და კ“ 3 916 930 ლარად ახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს დაბა ხარაგაულის წყალმომარაგების სრულ რეაბილიტაციას; ასევე ლეღვანის, საღანძილესა და დიდვაკის იმ ოჯახების წყალმომარაგებას, რომლებსაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ემსახურება.