ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ბოლნისის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის დაფუძნება და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების განვითარება იგეგმება.
შეხვედრაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებმა მერს კოლეჯის კონცეფცია გააცნეს, შემდგომ კი მხარეებმა ერთობლივად ის მიწის ნაკვეთები დაათვალიერეს, სადაც შესაძლებელი იქნება პროფესიული სასწავლებლის აშენება.
„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლებთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენს მუნიციპალიტეტში პროფესიული კოლეჯის აშენება იგეგმება და ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ დეტალურად ვისაუბრეთ.
კოლეჯი ჩვენს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა პროფესიას დაეუფლონ და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრები გახდნენ. პროფესიული განათლების განვითარება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ პროცესში ბოლნისის მუნიციპალიტეტი თავის წვლილსაც აუცილებლად შეიტანს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.