რაში დაიხარჯება 6 031 560 ლარი, რომელიც რეგფონდიდან ერგება ლანჩხუთს

302

ლანჩხუთის წარმომადგენლობითი ორგანოს ბიურო სხდომაზე, სადაც საკრებულოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ნოემბერი განისაზღვრა, მერიის  სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, ლევან ჩხაიძემ  2022 წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში გასახორციელებელი  ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაზე გააკეთა აქცენტი. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.

ჩხაიძის ინფორმაციით, ზემონახსენები ფონდიდან ლანჩხუთში, ჯამში, 6 031 560 ლარის დახარჯვაა დაგეგმილი.  ამ თანხიდან 2 990 000 ლარი ქალაქის ტერიტორიაზე კუპრეიშვილის შესახვევის, დუმბაძის, წმინდა ნინოს, წულაძის გოგიჩაიშვილის, მარჯანიშვილის, გვარჯალაძისა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაციას მოხმარდება.

2 200 000 ლარი შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციისთვის უნდა გაიხარჯოს ნიგოითის, შუხუთის, მამათის, აკეთის, აცანის, ლესის, გვიმბალაურის, ნიგვზიანის, ნინოშვილის, ჯურუყვეთის, ჩოჩხათისა და სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ქალაქის ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაციისთვის 200 ათასი ლარის გახარჯვაა გამიზნული. ქალაქშივე, გორგასლის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის საძირკვლის რეაბილიტაციისთვის 641 560 ლარი მიიმართება.