ბათუმის ზღვისპირა ზოლს, სავარაუდოდ, კიდევ ორი ცათამბჯენი დაემატება. ბათუმის მერიამ, ალტერნატიული განაშენიანების გეგმის კონცეფცია დღეს საჯაროდ განიხილა. ინფორაციას ტვ25 ავრცელებს.
საკუთარ ტერიტორიაზე, ასევე საკუთარი პროექტის განხორციელებისთვის, სპეციალური დოკუმენტი კომპანია „ორბმა“ მოამზადა და მერიას ჯერ კიდევ მარტში, ინიციატივის სახით წარუდგინა. საჯარო განხილვას სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, თუმცა შეხვედრამ ცხარე კამათის ფონზე ჩაიარა.
მიუხედავად იმისა, საჯარო განხილვა იყო, მას დაინტერესებული მხარის და მერიის გარდა, დასაწყისში სულ სამი ადამიანი ესწრებოდა. ეს ლეგიტიმაციისთვის საკმარისად ჩაითვალა.
განიხილებოდა განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია, რომელიც მერიას კერძო ინიციატივით კომპანია „ორბმა“ წარუდგინა. ეს ცხარე კამათის მორიგი მიზეზი გახდა. კითხვა შემდეგი იყო: რა საფუძველით გამოიტანა მერიამ დაინტერესებული მხარის დოკუმენტი განხილვისთვის, როცა ქალაქი განაშენიანების გენერალური გეგმის მოლოდინშია. წარდგენილი კონცეფცია მხოლოდ იმ ადგილების ანალიზს მოიცავს, სადაც დეველოპერს პროექტის განხორციელება სურს.
ირაკლი კვერღელიძემ ევროპული გამოცდილება მოიშველია, თუმცა წინააღმდეგობას აქაც შეხვდა. მით უფრო, რომ ქალაქის დამცველების მოსაზრებით, მთელ სანაპირო ზოლზე ჩატარებულმა კვლევამ შეიძლება სხვა სურათი დადოს, ვიდრე კონკრეტულ მისამართებზე წარმოებულმა სამუშაომ. ოპონენტების შეფასებით, რაც რეგულაციების გაუთვალისწინებლად შენდება, გამოსასწორებლად რთულია. მაგალითისთვის ამბასადორის შემთხვევა გაიხსენეს.
კომპანია „ორბის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მატრიცა ყველა იმ კვლევას აერთიანებს, რასაც კანონი ავალდებულებს, თუმცა კითხვა ახლა ასე დაისვა: კანონმდებლობით რა უფრო ღრმა კვლევებს მოითხოვს გენერალური გეგმა, თუ კერძო ინიციატივით დამუშავებული დოკუმენტი. მერიის პასუხი ცალსახაა – სტანდარტი უფრო მაღალია გენერალური გეგმის შედგენისას. და მაინც, ორივე მხარე ირწმუნება, რომ შედეგი ქალაქისთვის საზიანო არ იქნება.
რატომ ეჩქარება დეველოპერს დოკუმენტის ოპერატიულად მხარდაჭერა და რატომ უღირს ამაში თანხის გადახდა, გენერალურმა დირექტორმა საჯარო განხილვაზე ვრცლად ისაუბრა.
სასტუმროს ტიპის აპარტამენტების მშენებლობა ორ მისამართზე, ჰილტონის და ალიანსის გვერდით არსებულ ცარიელ ტერიტორიებზე განიხილება. K2 კოეფიციენტის გაზრდის გათვალისწინებით, პროექტი 55 სართულის აგებას ითვალისწინებს. „ორბის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ამისთვის კომპენსაციას იხდის.
განვითარების გენერალური გეგმის შესადგენად ქალაქის აღწერა უკვე დასრულებულია. შეზღუდვების გეგმის შედგენას კი სამუშაოების მეორე ეტაპი ითვალისწინებს. როგორც მერიის ქალაქგეგმარებისა და ურბანული პოლიტიკის განყოფილება გვარწმუნებს, ეს მხოლოდ განხილვა იყო და გამოთქმული შენიშვნები, გადაწყვეტილების მიღებამდე, გათვალისწინებული იქნება.