სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის აზრით, სკოლებში ჰიბრიდული სწავლების მოდელი არაეფექტურია, სკოლაში დასწრებითი სწავლა სავალდებულო უნდა გახდეს და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების მოდელის არჩევა ყოველ კვირაში არ უნდა შეეძლოთ.
როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის „COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე საქართველოში“ ზეპირი მოსმენისას 1-ელი კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ აღნიშნა, ჰიბრიდული მოდელისას იქმნება ქაოსური სიტუაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს ცხრილი ყოველ კვირას ეცვლება.
„ჩვენი თხოვნაა, რომ იქნება სასწავლო პროცესის მოდელის არჩევის საშუალება მშობლებს არ დავუტოვოთ და დასწრებითი სწავლა გახდეს სავალდებულო. ჩვენ ლოკალურად, წერტილოვნად კლასები ონლაინ რეჟიმში მაინც გადაგვყავს, თუკი ამის საჭიროება კოვიდის დადასტურების შემთხვევაში არსებობს. ცუდია ის, რომ ყოველ ხუთშაბათს მოსწავლეს შეუძლია აზრი შეიცვალოს, დარჩება სკოლაში თუ დისტანციურ სწავლებაზე გადავა. ეს ქმნის ძალიან ქაოსურ სიტუაციას. ყოველ კვირას სკოლას ეცვლება ცხრილი. ყველა კლასკომპლექტს შესაძლოა, ყოველ კვირაში შეეცვალოს მასწავლებელი. სისტემური სწავლების პირობებში ეს ბავშვები ვეღარ არიან. ვისაც აქვს ონლაინ ყოფნის სურვილი, ხომ შეიძლება ისე მაინც გაკეთდეს, რომ არჩევანის შესაძლებლობა მაინც შევამციროთ. ავირჩიე ონლაინ სწავლება? – ერთი სემესტრი დავრჩე ონლაინ სწავლებაზე. სკოლისთვისაც განსაზღრული იქნება და მოსწავლისთვისაც, ვინ ეყოლება მასწავლებელი და ვინ კლასელი. ამ პროცესს ვფიქრობ, რომ უნდა დალაგება და კიდევ ერთი საკითხი, მოსწავლეები თავად ჩივიან ამაზე, რომ არათანაბარ პირობებში არიან ონლაინ და დასწრებული სწავლების მოდელზე მყოფი ბავშვები. შეინიშნება მათი კალაპოტიდან ამოვარდნა,“ – განაცხადა 1-ელი კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ.
ამასთან, როგორც ზეპირი მოსმენისას სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის წარმომადგენელმა და გიმნაზია „შავნაბადას“ დირექტორმა ავთო აბდუშელიშვილმა განაცხადა, ჰიბრიდულ სწავლებაზე იხარჯება რესურსი, საბოლოო ჯამში, კი არაფერი გამოდის.
„დისტანციურ სწავლებაში ჩართული მოსწავლეები იმ შედეგებზე ვერ გადიან, როგორზეც დასწრებით სწავლებზე მყოფი მოსწავლეები გადიოდნენ. დისტანციური სწავლება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფორმაა, მაგრამ მაშინ, როცა ბავშვებს აქვთ მაღალი მოტივაცია, მაგრამ როცა არ აქვთ სწავლის მაღალი მოტივაცია, დისტანციური სწავლების ფორმატი, ამ შემთხვევაში, შეიძლება გამოვიყენოთ „გაძრომის“, კლასიდან კლასში გადასვლის ბერკეტად. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მხოლოდ ტექნიკურად უზრუნველყოფაზე კი არ გაამახვილოს ყურადღება, გაამახვილოს შინაარსზე, გავდივართ კი შედეგზე? არავინ ეკითხება მოსწავლეს და არც გვაქვს ამის უფლება არავის, რატომ გადადის დისტანციურ სწავლებაზე – დილით ადრე ადგომა გეზარება? თუ ბაკურიანში გინდა სასრიალოდ წასვლა ან რთველში? როცა 12 წლიდან ვაქცინაცია შესაძლებელია, არსებობს ქვეყანაში ვაქცინა, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვისაც გინდათ მოდით და ვისაც გინდათ დარჩით? ეს სკოლებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს. არსებობენ რისკ ჯგუფები, ამ შემთხვევაში იწერება ცნობა, მაგრამ, როცა მშობელი თავისი მოსაზრების გამო ამბობს, რომ იცი რა, მე სკოლაში არ ვუშვებ, მაგრამ მერე ვხედავთ, რომ დაბადების დღეებზეც დადიან და ა.შ, ცუდია. პრაქტიკად იქცა, რომ გადიან ქალაქგარეთ და ონლაინ რთავენ ბავშვებს,“ – განაცხადა ავთო აბდუშელიშვილმა.