„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის #18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას იძულებით ნაბიჯად აფასებს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კადრებში ჩანს ერთი დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ ძალადობა.
„დღეს ჩვენ რასაც ვუყურებთ, ყოველდღიურად, ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის ერთი ადამიანის წინააღმდეგ მიმართული პირადი შურისძიება. ადამიანისადმი, რომელსაც არ ეძლევა შესაძლებლობა უსამართლო სასამართლოთი სარგებლობისაც კი. ადამიანს პროცესზე არ ასწრებენ, არ აძლევენ შესაძლებლობას და უფლებას სატელეფონო ზარები განახორციელოს. „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში გადაყვანისას იტაცებენ, მასზე ძალადობს სისტემა და იმის შიშით, რომ არ გაუვრცელდეს კადრები, სადაც აღბეჭდილია ძალადობა და ასევე, სტრასურგის სასამართლომ არ მოსთხოვოს მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობით შეყვანის კადრების გასაჯაროება და მიწოდება, მათთვის მტკივნეული დილემა გადაწყვიტეს ისე, როგორც გადაწყვიტეს და მოუწიათ გასაჯაროვება. ეს არის შურისძიება საქართველოს ერთ შვილზე, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა. საქართველოს მესამე პრეზიდენტია, ივანიშვილი მასზე ძალადობს და შურისძიებას ახორციელებს. არ იქნება მოსვენება. ეს რეჟიმი მეთოდურად ჩამოინგრევა, მშვიდობიანად.
პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები არის იძულებითი ნაბიჯი მათ მიერ გადადგმული. მათ იცოდნენ რომ სხვადასხვა გზით, ადრე თუ გვიან, ეს კადრები გავრცელდებოდა. ისიც იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოსთვის მათ მოუწევდათ ამ ვიდეოკადრების მიწოდება, დასტურად იმისა, თუ როგორ იქნა მიხეილ სააკაშვილი ძალადობით შეყვანილი გლდანის ციხეში. ურთულესი დილემის წინაშე მდგომმა „ქართული ოცნების“ რეჟიმა მიიღო გადაწყვეტილება მათთვის ძალიან მტკივნეული, რომ თავად გაევრცელებინა ეს კადრები.
კადრებში ჩანს ძალადობა, ერთი დატყვევებული ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც მოტყეებით გადაიყვანეს იქ, სადაც მისი გადაყანა არ შეიძლებოდა. თავისი ნებით თუ მიყვებოდა რუსთავის ციხიდან, პირად ნივთებს ალაგებდა და მშვიდად გამოდიოდა, რა მოხდა როცა „ბ“ პუნქტში გადაიყვანეს? ეს კითხვა ხომ ლოგიკურად ისმის. პასუხი სჭირდებოდა საზოგადოებას და ვიხილეთ რეჟიმის მიერ გავრცელებული კადრებით“, – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე, რის შემდეგაც ის რეანიმობილიდან იძულებით გადმოიყვანეს. კადრების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ხელებსა და ფეხებში ჰკიდებენ ხელს და სასწრაფოს მანქანიდან ციხის სამკურნალო დაწესებულების პალატამდე ამ მდგომარეობაში გადაჰყავთ. ვიდეოში ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ტანს ზემოთ შიშველია.