სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებზე სუსტი ზედამხედველობა და დაუსრულებელი მრავალბინიანი კორპუსები

238

დაუსრულებელ კორპუსში სახურავის, კომუნალური სისტემისა და სხვა ინფრასტრუქტურის გარეშე შესახლდნენ და უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობენ. ბათუმში, ლერმონტოვის 37 ნომერში მდებარე ბინების საფასური მშენებელს სრულად გადაუხადეს, თუმცა სახლის დასრულება  ამ დრომდე არ მოხერხდა. წყალი და კომუნიკაცია საკუთარი ხარჯით შეიყვანეს, ლიფტიც თავად იყიდეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

კორპუსები ექსპლუატაციაში „გლობალმშენს“ 2009 წელს უნდა გადაეცა. კომპანია გაკოტრდა და მშენებლობა მის ნაცვლად, ამხანაგობამ თავის ხარჯზე დაასრულა. ახლა, გარე ფასადისთვის თანხის შეგროვებას მოსახლეობა თავად ვერ ახერხებს, რის გამოც უხვი ნალექის დროს, კედლებსი სველდება და ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა სახლი დაიშალოს.

იგივე პრობლემაა მაზნიაშვილის ქუჩის 35 ნომერშიც. ამ კორპუსში 22 ოჯახი ცხოვრობს. მშენებლობა დღემდე დაუსრულებელია.

მსგავს სურათს ბათუმში, თითქმის ყველა ქუჩაზე შეხვდებით. არქიტექტორის შეფასებით, დეველეპორების მიერ მიტოვებულ კორპუსებსა და დაუსრულებელ სახლებში ცხოვრება უსაფრთხო არ არის. მამუკა სალუქვაძე მიიჩნევს, რომ კვლევის საგანი უნდა გახდეს, რამდენად ხარისხიანად და ნორმებთან შესაბამისობით შენდება არაერთი კორპუსი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მსგავსი პრობლემით ათობით ადამიანი აკითხავს. პაატა დიასამიძის თქმით, უკვე გაკოტრებულ კომპანიებთან დავა დაგვიანებულია.

რამდენი დაუსრულებელი კორპუსია ტურისტული ქალაქის ტერიტორიაზე ან რატომ ვერ ხდება შენობა-ნაგებობების ჩაბარება? კითხვებზე ბათუმის თვითმართველობაში არ გვიპასუხეს. მუნიციპალურ ინსპექციას მშენებლობების ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით, 116-მა ობიექტმა მიმართა. აქედან 20-ი დააკმაყოფილეს, 29-ს უარი ეთქვა, 38-ის განცხადება არასრული დოკუმენტაციის გამო არ განიხილეს, ხოლო დარჩენილზე საქმის წარმოება მიმდინარეობს.