„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თავმჯდომარის ეკა გიგაურის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონთან შეხვედრისას საუბარი ძირითადად ეხებოდა მართლმსაჯულების სისტემას, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს და მიხეილ სააკაშვილის საკითხს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
„ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა პრობლემების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, რატომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა არის გასამართი, რომ ის არ არის დამოუკიდებელი და რომ გვყავს სასამართლოში მოსამართელეების „კლანი“, რომელიც ფაქტობრივად გაძლიერებულია მმართველი პარტიის მხრიდან და რა უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მიმართ იყოს უფრო მეტი ნდობა. ძირითადად ამაზე იყო საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტულ მაგალითებზე, მათ შორის, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე და ზოგადად, რა გავლენას ახდენს ისეთი მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც არ არის დამოუკიდებელი ქვეყნის განვითარებაზე.
მათ შორის, რა თქმა უნდა, იგულისხმება მესამე პრეზიდენტის საქმე, ეს არის მკაფიო მაგალითი იმისა, რომ მას არ აქვს საშუალება, რომ სამართლიანი სასამართლოთი ისარგებლოს და ზოგადად, იმის გამო, რომ სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი, ამიტომ მის საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს. თუმცა, სხვა საქმეებიც არის.
ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ზუსტად ის, რომ შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი ჩვენი პარტნიორების მხრიდან კონკრეტული მოსამართლეების მისამართით რომ თარგეთირებული სანქციები იყოს გამოყენებული. მე ვერ გეტყვით მათ დამოკიდებულებას ამაზე. თქვენ ხედავთ, რომ ყოველ ჯერზე როცა აშშ-ის საელჩოს მხრიდან, ასევე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ეს განცხადებები კეთდება, ეს არის სულ უფრ მკაცრი, მათ შორის ევროკავშირის მხრიდანაც ჩვენ უკვე ვიცით, საუბარია იმაზე, რომ კონკრეტულ სფეროებში დახმარებებს მივიღებთ მას შემდეგ, რაც კონკრეტული რეფორმები ჩატარდება. ვხედავთ, რომ მათი ნაბიჯები არის უფრო მკაცრი. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ კიდევ უფრო მკაცრი ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ სასამართლოში სისტემა გაიმართოს,“- განაცხადა გიგაურმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქმის გარშემო გუშინ განვითარებულ მოვლენებს, გიგაურის თქმით, ეს იყო პროვოკაციული გადაწყვეტილება.
„ჩვენ ვიზიარებთ სახალხო დამცველის შეფასებას და რეკომენდაციას. ის არის დამოუკიდებელი უწყება, რომელსაც აქვს კავშირი ამ საქმესთან და პერმანენტულ მონიტორინგს ახორციელებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არ არის დაცული, ის უნდა გადავიდეს სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უფრო მეტი და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგმევა.
რაც შეეხება გუშინ მისი ასეთი სახით გადაყვანას, ეს იყო პროვოკაციული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ მთელი პასუხისმგებლობა რაც ამას მოყვა, არის „ქართულ ოცნებაზე“. მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ დაფიქრდნენ, საით მიყავთ ეს ქვეყანა. იმიტომ, რომ ეს პროვოკაციული გადაწყვეტილებები შეიძლება მიმართული იყოს იქითკენ, რომ სამოქალაქო დაპირისპირება იყოს და ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და ქვეყანა წაიყვანონ ისეთი კრიზისისკენ, საიდანაც გამოყვანა გაჭირდება“, – განაცხადა გიგაურმა.