ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში მცხოვრები ლალი ხარაზიშვილი ბუნებრივი აირის შეყვანას სახლში, თითქმის ერთი წელია, უშედეგოდ ელოდება. ამის შესახებ ცემი ხარაგაული წერს.
„ცენტრალური მაგისტრალის გაყვანა შარშან წინასაარჩევნოდ დაიწყეს და ზამთარში დასრულდა. დაგვპირდნენ, რომ ოჯახებში შემოყვანა უახლოეს პერიოდში დაიწყებოდა. თუმცა, გაზი ამ დრომდე არ გვაქვს“, – ამბობს ლალი ხარაზიშვილი.
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ზესტაფონის ფილიალის მენეჯერი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ ვარძიაში მოსახლეობაში დაქსელვის სამუშაოების დასაწყებად, ჯერჯერობით, დავალება არ მიუღია.
„ამ საკითხს სამთავრობო კომისია ეკონომიკის სამინისტროსა და „სოჯარ ჯორჯია გაზთან“ შეთანხმებით განიხილავს, – ამბობს ლევან აბაშიძე, – შემდეგ ჩვენ მოგვდის დავალება და ვიწყებთ აბონენტების დაერთებას ცენტრალურ მაგისტრალზე. ეს პროცესი როდის დაიწყება ვარძიაში, არ ვიცი.
ამჟამად ქსელზე აბონენტების დაერთება სოფელ ფარცხნალში მიმდინარეობს. სამუშაოები, სავარაუდოდ, ახალ წლამდე დასრულდება. გაზი თითქმის ყველა ოჯახშია შეყვანილია კიცხსა და ლაშეში. დარჩენილია მხოლოდ ის ოჯახები, რომელთა სახლიც დაკეტილია და მეპატრონეებს ბუნებრივი აირის შეყვანის სურვილი არ გამოუთქვამთ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 79 სოფლიდან, ამ დრომდე, გაზიფიცირებულია ბაზალეთი, ჯაფაროული, ჩხერი, ისლარი, ახალსოფელი, თეთრაწყარო, ლაშე და კიცხი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2022 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლების – წიფი, ქროლი, ღარიხევი, ლაშის იგორეთი, კიცხის იგორეთი გაზიფიცირება იგეგმება.
„ჯერჯერობით, ამ სოფლებში პროექტირება მიმდინარეობს; ამის შემდეგ, ცენტრალური გაზსადენის მშენებლობისთვის, ტენდერი უნდა გამოცხადდეს. სამუშაოები, სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება“, – ამბობს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსის მოადგილე გია დემეტრაშვილი