პარლამენტის რეგიონულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, მოსახლეობა GWP-ს მუშაობით ძალიან არის შეწუხებული. დეპუტატმა საკითხის მოგვარების თხოვნით, მომხმარებლის ინტერესების საზოგადოებრივ დამცველ სალომე ვარდიაშვილს მიმართა, რომელიც პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და აგრარულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგა.
„მოსახლეობა და მაჟორიტარები, რომლებიც თბილისს წარმოადგენენ, ძალიან არიან შეწუხებულები GWP-ს მუშაობით. ეს ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან სამგორის რაიონში ეს პრობლემა მძიმედ დგას. მესმის, რომ აქაც ძალიან დიდი ინვესტიციაა საჭირო, თუმცა არის გადაუდებელი საკითხები, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლებისთვის საკითხის მოგვარება ვერ გადაიდება. ლილოში შევხვდით მოსახლეობას და იქ რამდენიმე წუთით დგომა იყო წამება, რადგან ჩამოდის ღელე და დგას საშინელი სუნი, ამ დროს კი იქ ხალხი ცხოვრობს. ღიად რომ მიედინება ღელე თბილისში, ეს პრობლემა დგას რამდენიმე უბანში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
დეპუტატის ინფორმაციითვე, თბილისში არის რამდენიმე უბანი, სადაც კანალიზაცია ღიად, როგორც ღელე ისე მოედინება, რაც მოსახლეობისთვის გაუსაძლისია.
გარდა ამისა, სოზარ სუბარის თქმით, ხშირია პრობლემები, როცა მილი სკდება, GWP კი 2-3 დღე არ მიდის, ხალხი არის უწყლოდ, წყალი ჩადის კორპუსის ქვეშ და ა.შ.
„ბატონმა სანდრო რაქვიაშვილმა (დეპუტატმა) თქვა, იქნებ კონკურენცია შემოგვეტანაო, მაგრამ მე ვფიქრობ, ეს ის სფეროა, სადაც კონკურენცია კი არა, პირიქით, სახელმწიფო მონოპოლია რომ ყოფილიყო დარჩენილი, შეიძლება, უკეთესი ყოფილიყო, მაგრამ რას ვიზამთ ახლა, ეს ჩავლილი მატარებელია. ეს არის უმნიშვნელოვანესი და უმწვავესი პრობლემა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების წინაშე დგას“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.