გაბუნია: საწყისი ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ, 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის „ბუსტერ“ დოზის გაკეთება რეკომენდირებულია

283

საწყისი ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ, ბუსტერი დოზის გაკეთება რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, ასაკისა და დაავადების სტატუსის მიუხედავად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განცხადა.

ამასთან, გაბუნიას განცხადებით, ბუსტერი დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ დადებითი რეკომენდაცია გასცა.

„ბუსტერი დოზის გაფართოებასთან დაკავშირებით ექსპერტების საბჭომ გასცა დადებითი რეკომენდაცია, ჩვენ ამ კვირაში უკვე ოფიციალურად დავიწყებთ ამას. რაც ნიშნავს იმას, რომ ბუსტერი დოზა ანუ საწყისი ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერი დოზის გაკეთება რეკომენდირებულია 16 წლის ზემოთ ყველა პირისთვის, ასაკისა და დაავადების სტატუსის მიუხედავად“, – განაცხადა გაბუნიამ. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მოგზაურებს, რომლებიც „სინოვაკით“ ან „სინოფარმით“ არიან აცრილი, მაგრამ მიდიან ისეთ ქვეყანაში, რომელიც ამ ორ ვაქცინას არ აღიარებს, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დამატებით შეუძლიათ „ფაიზერის“ ორი დოზით აიცრან. „რაც შეეხება მოგზაურების დამატებითი დოზით ვაქცინაციას, მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი ქვეყანა ჯერჯერობით არ ცნობს ყველგან დაშვებისთვის „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინას. ამის გამო, ბევრ მოქალაქეს შეექმნა გარკვეული პრობლემა, რადგან მათ მოუწიათ ყოველდღიური ტესტირების რეჟიმში ჩართვის აუცილებლობა და იმ ქვეყანაში დაწესებული მწვანე საშვის მოთხოვნებიდან გამომდინარე მათთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალონ ვაქცინაციის სტატუსი, გაიკეთონ ე.წ დამატებითი დოზები – ორი დოზა. ბუსტერ დოზა არის 1 დოზა, დამატებითი დოზები, რომლებიც მოგზაურების მიზნებისთვის ან საუნივერსიტეტო გარემოში მოხვედრის მიზნებისთვის ტარდება, არის 2 დოზა, დასაშვებია მათი გაკეთება მეორე აცრიდან 1 თვის შემდეგ. ამ შემთხვევაში, მოთხოვნილია გარკვეული დოკუმენტაცია, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მოგზაურობის მიზნობრიობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბილეთის ჯავშანი ან მოწვევა. ნებისმიერი ამ ტიპის დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში მათ ვთავაზობთ დამატებით 2 დოზით აცრას „ფაიზერის“ ვაქცინით“, – განაცხადა გაბუნიამ.