საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ნოემბრის N524 დადგენილებით ცვლილება შევიდა „ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 20 ივლისის N284 დადგენილებაში.
ცვლილების თანახმად, სახალხო არტისტების, სახალხო მხატვრებისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებისათვის განსაზღვრული ყოველთვიური სტიპენდია გაიზარდა 200 ლარით, 400 ლარიდან 600 ლარამდე, ხოლო სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ორივე წოდებისათვის განესაზღვრათ 600 ლარის ოდენობით. ჯამში ცვლილება შეეხო 118 ადამიანს, რომელთაგან უმრავლესობა 70 წელს არის გადაცილებული.
ამასთან, „ლიტერატურისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეებისათვის ყოველთვიური დახმარების გაცემის შესახებ“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან კულურის იმ მუშაკებს (17 პირს), რომელებიც დღემდე დახმარების სახით სამინისტროსგან ყოველთვიურად 250 ლარს იღებდნენ, ეს თანხა 400 ლარამდე გაეზარდათ.
დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, მოცემული დადგენილებით განსაზღვრული ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიების მიმღებ ბენეფიციარებს დაემატნენ საჭადრაკო ოლიმპიადების მეორე და მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები, რომელთა ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განისაზღვრა იგივე წესით, როგორც ეს ამავე დადგენილებით ოლიმპიური და პრალიმპიური თამაშების პრიზიორებისთვის არის განსაზღვრული.
კერძოდ, ვერცხლის მედლის მფლობელებისთვის – 800 ლარის, ხოლო ბრინჯაოს მედლის მფლობელებისთვის – 500 ლარის ოდენობით. ასევე, საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებულს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვრება 2000 ლარის, ხოლო საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი – 800 ლარის ოდენობით.
მოცემული დადგენილებით განსაზღვრული პირების სტიპენდიები გაიცემა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან.
ამასთან, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ნოემბრის N524 დადგენილება ამოქმედდა 2021 წლის 1 ნოემბრიდან და შესაბამისად, საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორები, მათთვის განსაზღვრულ სტიპენდიას, ხოლო სახალხო არტისტები, სახალხო მხატვრები და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატები გაზრდილი ოდენობის სტიპენდიებს მიიღებენ უკვე მიმდინარე წლის ნოემბრის თვიდან.