ხაშურის მერი 1500 ლარს გადაუხდის მოქალაქეს, რომელიც 8 ნოემბრამდე მის საბუთებს აკინძავს და ზონარს გაუყრის

825

ხაშურის ახალი მერი თენგიზ ჩიტიაშვილი 1500 ლარს გადაუხდის ქალს, რომელმაც 8 ნოემბრამდე, მისთვის საჭირო საბუთები უნდა აკინძოს და ზონარი გაუყაროს, –  ამის შესახებ  3 ნოემბერს გამოქვეყნებულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული. ხელშეკრულების მიხედვით, თითო საბუთის აკინძვა 5 ლარი, ხოლო ზონარის გაყრა – 1 ლარი ღირს.

“ხელშეკრულების საგანია ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისათვის საბუთების აკინძვის და საბუთებში ზონარის გაყრის მომსახურების შესყიდვა, საბუთების აკინძვა – 5 (ხუთი) ლარი; ზონარის გაყრა 1.00 (ერთი) ლარი” – წერია ხელშეკრულებაში.

სამუშაოს შემსრულებელი უკვე მოძებნილია, ხოლო მისი შესრულებული სამუშაო 8 ნოემბერს მერიის სამმა თანამშრომელმა უნდა შეამოწმოს.

“საქმე იმაში გახლავთ, როგორც ამიხსნეს, რომ არსებობს საექსპერტო კომისია, რომელიც სწავლობს დოკუმენტაციას როგორც შინაარსობრივად, ისე მისი შენახვის პირობებს. ხელშეკრულება გახდა საჭირო, რომ ეს ადამიანი მუშაობს სწორედ ამისთვის, რომ დოკუმენტები სტანდარტების სრული დაცვით იქნეს შენახული და ეს ხელშეკრულება ყოველწლიურად ფორმდება ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიასთან ამ ადამიანთან”, – ამბობს ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, თათია ძინძიბაძე.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული გაჭირვების ფონზე ბიუჯეტის მსგავსი ხარჯვა მიუღებელია.