გურჯაანში მდებარე ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმს, რომელიც წლების განმავლობაში დაკეტილი იყო, რებილიტაცია ჩაუტარდება.
როგორც გამოცემა “სპექტრს” საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, ეკა ბეროშვილმა განუცხადა, ავარიული შენობის გამო მუზეუმი ვიზიტორებს ვერ იღებს, ექსპონატები კი, ნატო ვაჩნაძის სახელობის მუზეუმშია დაცული.
“მუზეუმი თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე 2015 წელს გადაეცა. უნდოდათ, რომ მათი პატრონობის ქვეშ ყოფილიყო და მიეხედათ. რეაბილიტაცია დაიწყო, მაგრამ მინისტრი მალე შეიცვალა და ისევ ჩვენს ბალანსზე გადმოვიდა. შენობა ავარიული იყო და ექსპონატები ნატო ვაჩნაძის სახელობის მუზეუმის საცავში პირობების დაცვით დავასაწყობეთ,”-აღნიშნა ეკა ბეროშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ მუზეუმის რეაბილიტაციაზე ტენდერი 503 522 ლარზე უკვე გამოაცხადა. ტენდერი ცხრა ნოემბერს უნდა დასრულდეს. პირობების თანახმად, რეაბილიტაცია მიმდინარე წელს დიწყება და მომავალ წელს დასრულდება.
ცნობისთვის, მუზეუმი 1999 წლიდან ფუნქციონირებს. მალხაზ შალიკაშვილის სამხედრო კარიერა აშშ-ში 1958 წლიდან იწყება. 1993 წლის 25 ოქტომბერს, პრეზიდენტ ბილ კლინტონის გადაწყვეტილებით, გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი დაინიშნა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ.
იგი იყო სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე გახლდათ მრჩეველი ჯონ კერის საპრეზიდენტო კამპანიაში.