გაბუნია: ე.წ. მწვანე საშვის შემოღებისთვის ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი, რათა აღსრულების ნაწილში შეფერხებები არ შეიქმნას და ამან ფალსიფიკაცია არ გამოიწვიოს

241

ე.წ. მწვანე საშვის შემოღებისთვის ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი, რათა აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები და ამან არ გამოიწვიოს ფალსიფიკაცია და გაყალბა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა რა შემთხვევაში აქვს აზრი ქვეყანაში ე.წ. მწვანე საშვის შემოღებას.

„ადმინისტრირების ნაწილში მნიშვნელოვანია ის, რომ ვიდრე მოხდება ამ მექანიზმის აღიარება და სავალდებულო სახით ქვეყანაში დანერგვა, საუბარი მაქვს ე.წ. მწვანე საშვზე, ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი იმისთვის, რომ აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები და ამან არ გამოიწვიოს ფალსიფიკაცია, გაყალბება – ერთი, სერტიფიკატის ნაწილში და მეორე, დარღვევა იმ წესის, რომელიც ჩვენ თვითონ დავაწესეთ. ამდენად, ვიდრე ბიზნესი თავად მზაობას არ გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მომხმარებელი, რომელიც მასთან მივა ე.წ. მწვავე საშვის გარეშე ვერ მოხვდება იმ გარემოში, სადაც ბიზნეს აქტივობა წარმოებს; ასევე, არ იქნება ზედმიწევნით ზუსტად შრომის ინსპექციის მხრიდან ის მექანიზმები და გარანტიები, რომელიც საშუალებას მოგვცემს იმის, რომ აღსრულება მოხდეს შესაფერისად, მანამდე ეს ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალობა იქნება. ამდენად, ამ გარანტიებზე მიდის ახლა მუშაობა. როგორც კი ჩვენ გვექნება ჩამოყალიბებული სურათი, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ დააყოვნებს“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ე.წ. მწვავე პასპორტის შემოღების შემთხვევაში ყველა რეგულაცია ძალაში რჩება და ვერცერთ რეგულაციას ვერ ჩაანაცვლებს.