სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტი საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის – პრეზიდენტის წინადადებები მთავრობას

1006

მივმართავ ხელისუფლებას, მიიღოს სასწრაფო და მკაცრი ზომები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე კოვიდვითარების შეფასებისას განაცხადა.

“სავალდებულო გახდეს აცრა რისკჯგუფებისთვის. კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის. მივმართავ მედიებს, გახშირდეს გადაცემები ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ მოვუწოდებ. კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი თვლის, რომ მისთვის მიუღებელია და ეწინააღმდეგება ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვასა და ნებისმიერ ჩაკეტვას, ვინაიდან ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.

„ვეწინააღმდეგები და მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვასა და ნებისმიერ ჩაკეტვას, მიუღებელია ვინაიდან და რადგანაც ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და პირველ რიგში მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც იმყოფება უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც თავს იკავებს და საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. ამიტომაც ის მოუწოდებს კლესიას, მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი.

მისი თქმით, ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის მეტი აქტიურობაა საჭირო, ხოლო მოქალაქეებმა საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაიაზრონ.

“ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, ვინც პირად შიშებსა და პირადი ჯანმრთელობის გამო ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს. პანდემია ყველაზე ნათლად გვიჩვენებს, რომ არ ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ერთად უნდა ვებრძოლოთ და ერთად უნდა დავძლიოთ ეს პანდემია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.