ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, დანიშვნები იყო ნაჩქარევი, გაუმჭვირვალე და არაკონკურენტული. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, ხარისხისა და ამ სისტემისადმი ნდობის გაზრდას, ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.
ევროკავშირის ელჩის შეფასებით, საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში.
“ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი – საქართველოს სამომავლო უთრიერთობებისთვის.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს: მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე”, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში.
სრული განცხადების ნახვა შესაძლებელია ბმულზე: