ცესკო: 2 ნოემბერს გადათვლილი 58 საარჩევნო უბნის მონაცემების თანახმად, 44 უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, 14-ზე კი მცირედით შეიცვალა

537

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, 2 ნოემბერს კიდევ 58 საარჩევნო უბნის მონაცემები ხელახლა გადაითვალა. გადათვლილი 58 უბნის მონაცემების მიხედვით, 44 საარჩევნო უბანზე შედეგები უცვლელი დარჩა, ხოლო 14-ზე მცირედით შეიცვალა, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, გადათვლებს არა თუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე.

„გადათვლის შედეგად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დააკლდა 6 ხმა და დაემატა 3, „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დააკლდა 5 და დაემატა 39, „გახარია – საქართველოსთვის“ დააკლდა – 34 ხმა. გადათვლებს არა თუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე. აღნიშნული 58-დან 52 უბნის მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებმა ცესკოს მიმართვის საფუძველზე გადათვალეს, რომლის თანახმადაც, არჩევნების მეორე ტურზე, ვიდეო-ფიქსაციის ჩანაწერების არარსებობის გამო, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უნდა შერჩეულიყო 2-2 უბანი და გადათვლილიყო, ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები 2 ან ნაკლები იყო, ავტომატურად გადათვლილიყო ყველა მათგანი; დანარჩენი 6 უბნის მონაცემები კი კომისიებმა საკუთარი ინიციატივით გადათვალეს.

ამასთან შეგახსენებთ, რომ პირველ ნოემბერს საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვალეს სავალდებულო 5-5 და ცესკოს მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე 2-2 უბნის, საერთო ჯამში 201 საარჩევნო უბნის მონაცემები. დეტალური მონაცემები თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით, სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა, შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე“, – განაცხადა იოსელიანმა.