ქედის მერია: მალე ქედაში საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი იმოძრავებს

620

ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოში იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტმა  საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი შეიძინა, რომელიც გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ინკლუზიურ მობილობას და მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

ქედის მუნიციპალიტეტის მერის როლანდ ბერიძის განცხადებით, საზოგადოებრივი ელექტრო მიკროავტობუსი დაბა ქედაში უახლოეს პერიოდში დაიწყებს მომსახურებას, ხოლო მიკროავტობუსის ოფიციალური გადაცემის ცერემონია, იაპონიის ელჩის მონაწილეობით მოგვიანებით გაიმართება.

ქედის მუნიციპალიტეტმა გრანტი 77 235 აშშ დოლარის ოდენობით მიიღო, რათა მუნიციპალიტეტმა განახორციელოს ინკლუზიური ელექტრომობილობა, რაც გულისხმობს დაბის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უსაფრთხო და ხელმისაწვდომი დაბალემისიური გადაადგილების უზრუნველყოფას.

ელექტრო მიკროავტობუსი მინიმალური დანახარჯების გათვალისწინებით შეძლებს მგზავრთა უწყვეტ გადაადგილებას.

ენერგოეფექტური მიკროავტობუსი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.