რუსთავში საწარმოების ნაწილი, შესაძლოა, დახურონ

373

“საწარმოები, რომლებიც არ შეასრულებენ საკანონმდებლო მოთხოვნებს, გაჩერდებიან”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა რუსთავში ვიზიტის დროს განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, 2022 წლის იანვრიდან იმ ქარხნების მიმართ, რომლებიც ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნებიან, უმკაცრესი ზომები გატარდება.

“ერთხელდასაუდამოდ მე პირობას ვიძლევი თქვენს წინაშე, რომ საწარმოები, რომლებიც არ შეასრულებენ ამ საკანონმდებლო მოთხოვნებს, გაჩერდებიან. გარკვეული ვადა მათ რაღაცების გასაკეთებლად სჭირდებოდათ, უბრალოდ საქართველოში ბიზნესი ბევრი წლის განმავლობაში შეეჩვია, რომ სახელმწიფო გადაწყვეტილებებს იღებს და მერე უკან იხევს. ჩვენ პრინციპულად დავდექით ერთ აზრზე და არანაირად არ გადავწიეთ ვადა აღსრულების, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხანმოკლე იყო ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, მაგრამ ეს იყო პრინციპული და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მათ ეს პროცესი დაეწყოთ.

ვფიქრობ, მეტი მუშაობაა საჭირო ჩვენი მხრიდანაც ბიზნესთან, მაგრამ მუშაობასთან ერთად არის ძალიან მკაფიო ჩემი გადაწყვეტილება, რომ წლის ბოლოდან, ანუ 2022 წლის იანვრიდან, ეს იქნება ალბათ გარკვეული ზომიერი ვადა, რომ საწარმოები, რომლებიც არ იქნებიან ნორმებთან შესაბამისობაში, უკიდურესი ზომების წინაშე აღმოჩნდებიან.

მე მესმის, რომ ეს შეიძლება ძალიან მძიმე იყოს, ეს ადამიანების სამუშაო ადგილებს უკავშირდება, მაგრამ ჩვენ შეიძლება მართლაც დახურვის გზით წავიდეთ ყველა ამ საწარმოსი.

მემსის, რომ 2 თვეში რაღაცას ვერ გააკეთებ, მაგრამ წელიწადსა და 2 თვეში ნამდვილად უნდა აკეთებდე და აქ არის მთელი სიმართლე”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილის მონაწილეობით რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე 28 ოქტომბერს შეხვედრა გაიმართა.