ოპოზიცია საპროტესტო აქციას ზუგდიდში ხვალ, საღამოს 20:00 საათზე გამართავს. ამის შესახებ ენმ-ის წარმომადგენელმა ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შეკრება მათივე ოფისთან, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ შედგება. მან მოუწოდა ყველა ზუგდიდელს და მთელს სამეგრელოს, მოვიდნენ ამ აქციაზე, რადგან ამ არჩევნებმა უჩვენა, რომ მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობა და ხმის მიცემა საკმარისი არ არის. ახლა, მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია თითოეულმა, ვისი ხმაც “მოიპარეს”, თავისი არჩევანი, ქვეყნის თავისუფლება და მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე მშვიდად, მტკიცედ და ჯიუტად დაიცვას ქუჩაში.
ანა წითლიძის განცხადებით, ეს აქციები პერმამენტულად გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში არ იზეიმებს დემოკრატია და სამართლიანობა.
“მაშინ, როცა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მაშინ, როცა ხალხს ართმევენ თავისუფალი არჩევნების უფლებას, ჩვენ არ გვაქვს უფლება დავიღალოთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება უკან დავიხიოთ და ჩვენ არ გვაქვს უფლება, არ ვიბრძოლოთ ქუჩაში, რადგან დღეს თავისუფლებისთვის ბრძოლა გადის სწორედ ქუჩაზე”, – აღნიშნა ანა წითლიძემ.
30 ოქტომბერს ქვეყნის 20 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მხოლოდ წალენჯიხაში შეძლო ენმ-ის მერობის კანდიდატმა გამარჯვება ცესკოს წინასწარი მონაცემებით.
რაც შეეხება ზუგდიდს, “ქართული ოცნების” კანდიდატ მამუკა წოწერიას 51,631% აქვს, მის კონკურენტს ენმ-დან, ანზორ მელიას 48,369%.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და დღეს საპროტესტო აქციებს ბათუმიდან იწყებს. შაბათს, 6 ნოემბერს კი თბილისში შეიკრიბებიან.