ბიულეტენების გადათვლის პროცესი წარმატებით დასრულდა. გადათვლის ცენტრებში 201 საარჩევნო უბნის კომისიის მონაცემები არის ხელახლა დათვლილი – გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია , – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, გადათვლის პროცესი მიმდინარეობდა გამჭირვალედ და მასზე მონიტორინგის განხორციელება შეეძლო ყველა უფლებამოსილ პირს – როგორც მედიას, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც.
როგორც ცესკოს სპიკერმა აღნიშნა, გადათვლის დეტალური შედეგები ხვალ, 2 ნოემბერს გამოქვეყნდება.
„ბიულეტენების გადათვლის პროცესი წარმატებით დასრულდა. გადათვლის ცენტრებში 201 საარჩევნო უბნის კომისიის მონაცემები არის ხელახლა დათვლილი. პროცესი წარიმართა გამჭირვალედ, რომლის მონიტორინგის შესაძლებლობაც ჰქონდა ყველა უფლებამოსილ პირს – როგორც მედიას, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს. დღეს ვიხილეთ, თუ რაოდენ მაღალი იყო გადათვლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი, უფლებამოსილი პირების აქტიური ჩართულობა კი ასევე მნიშვნელოვანად უზრუნველყოფს ამ პროცესის გამჭირვალობას.
საარჩევნო ადმინისტრაციას საკანონმდებლო რეფორმების ფარგლებში ჰქონდა წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინილი 5-5 უბნის მონაცემების გადათვლის ვალდებულება, თუმცა, ცესკოს თავმჯდომარის რეკომენდაციით საოლქო საარჩევნო კომისიებმა წილისყრით გამოავლინეს 7-7 საუბნო საარჩევნო კომისია. შესაბამისად, როგორც აღვნიშნეთ, ჯამში 201 უბნის მონაცემი გადავითვალეთ. აღნიშნული კი კიდევ უფრო ცხადყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ წინასწარი შედეგების სიზუსტეს.
საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა, უკვე პირველი ტურის შემდეგომ გვაჩვენა, თუ როგორ შეუწყო ხელი აღნიშნულმა პროცესის გამჭირვალობას და ზოგადად, საარჩევნო პროცესის გაჯანსაღებას. წინასწარი ანალიზის საფუძველზე, ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. საარჩევნო ადმინისტრაცია გადათვლის დეტალურ შედეგებს ხვალ 2 ნოემბერს წარმოგიდგენთ“, – განაცხადა ცესკოს სპიკერმა.