დავრწმუნდით, რომ ივანიშვილი არჩევნებს ახლოსაც არ მიგვაკარებს | ბათუმში ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს

388

ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგები უკვე სრულადა, შეჯამებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, “ქართული ოცნების” კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი ლიდერობს.

ოპოზიციაში ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ისევ “მოიპარა”.

მათი თქმით, მმართველმა გუნდმა მასშტაბური დარღვევებისა და გაყალბების გამოყენებით, საკუთარ კანდიდატს დაუმსახურებელი გამარჯვება ჩაუწერა.

შექმნილი ვითარების გამო, ოპოზიციური პარტიები პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლას აანონსებენ და მოქალაქეებს ამ პროცესში აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

“დაშინების, შანტაჟის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ ხომ ყველამ კარგად ვიცოდით. ისიც ვიცოდით, რომ მოსყიდვის მასშტაბი ძალიან დიდი ექნებოდა, მაგრამ მაინც შევყევით ივანიშვილს ამ ყველაფერში, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდით არჩევნებს მოვუგებდით.

და ჩვენ მას მოვუგეთ, მაგრამ ივანიშვილმა ჩართო სხვა მეთოდები ბათილი ბიულეტენები და კარუსელი, მანიპულაციები არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე. ამის მიუხედავად ცესკოს მონაცემებით გადაგვასწრო იმდენი ხმით, რამდენიც ჩამორჩება ბათილ ბიულეტენებს”, – ამბობს ბათუმის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი გიორგი კირთაძე. 

ენმ-ის წევრის, ბონდო თევდორაძის თქმით, თბილისში დაანონსებულ აქციას დღეს ბათუმიდანაც შეუერთდებიან.

“ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და ეს არ დამთავრდება არჩევნების გზით. ბოლო იმედის ნაპერწკალი იყო, რომ არჩევნების გზით რაღაცის შეცვლა შეიძლებოდა ქვეყანაში, მაგრამ დავრწმუნდით ყველა, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს ახლოსაც არ მიგვაკარებს და არ არის ეს კაცი არაფერს არ დათმობს ქართველი ხალხის სასარგებლოდ”, – ამბობს თევდორაძე. 

ბათუმში ოპოზიციის წევრები ამ წუთებში სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტი მასშტაბური იქნება.

შეგახსენებთ, ოპოზიცია სამოქმედო გეგმას დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე წარადგენს.