რუსთავში 38-ე საარჩევნო უბანთან მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ადგილზე უცნობი პირები იყვნენ მობილიზებული, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი ნაწილი მედიასთან კომენტარს არ აკეთებდა და კითხვებს გაურბოდა, ნაწილი კი ამბობდა, რომ ისინი საარჩევნო უბანთან “სეირნობდნენ”.
ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც, ცოტა ხნის წინ კი იქ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებიც მივიდნენ. სპეცრაზმის გამოჩენის შემდეგ, უცნობმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.
სპეცრაზმის წარმომადგენლები “მთავარ არხთან” განმარტებებს არ აკეთებენ, ისინი ამბობენ, რომ სპეცრაზმის მობილიზება მთელი ქალაქის მასშტაბით ხდება იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს.
“ასე ვიქცევით მთელი ქალაქის მასშტაბით, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდეს”, – თქვა სპეცრაზმის წარმომადგენელმა.