მდინარაძე: ხელვაჩაურში „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატი მხარდამჭერებთან ერთად გეგმავს შევარდეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე და ხელი შეუშალოს ხმის დათვლის პროცედურას

586

მინდა გამცნოთ „ნაცმოძრაობის“ ძალიან ცუდი გეგმების შესახებ. მათ შორის პირველი მონაცემი, რაც ჩვენთან ინფორმაცია შემოვიდა არის ხელვაჩაურიდან, სადაც მიშა ბოლქვაძე, მერობის კანდიდატი „ნაცმოძრაობიდან“ გეგმავს თავის რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებთან ერთად, შევარდეს რამდენიმე საარჩევნო უბანზე და ხელი შეუშალოს ხმის დათვლის პროცედურას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მამუკა მდინარაძე მოუწოდებს ოპოზიციას, წაგებას ღირსეულად შეხვდეს.

„ვაფრთხილებ ყველას ძალიან მკაცრად, ნურავინ შეეცდება ასეთ სიგიჟეებს, წაგებასაც უნდა ღირსეული შეხვედრა. კი მართალია, ალბათ, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც გამარჯვებულიც და დამარცხებულიც გამარჯვებას ზეიმობს, მაგრამ მართლა ყველა გამარჯვებულია. „ნაცმოძრაობის“ მომხრეებიც გამარჯვებულები არიან, იმიტომ, რომ ისინი იცხოვრებენ ისეთ ქვეყანაში, ისეთ საქართველოში, რომელიც მართლაც პროგრესისთვის იღვწის, ევროპისკენ მიისწრაფვის, რომელშიც სტაბილურობა და სიმშვიდე იქნება. ამიტომ მათაც ვულოცავ. ვთხოვ ყველას, ნუ აყვებიან მას სულელურ ზრახვებში ბოლქვაძე იქნება თუ სხვა, ვინც პროვოკაციას გადაწყვეტს და წყნარად, მშვიდად შეეგუონ იმ მარცხს, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ ამ არჩევნებზე, მეორე ტურში იწვნია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.