„ბათუმელებმა“ ბათუმის #41-ე საარჩევნო უბანზე, მოზრდო ყუთში ჩაყრილი ცესკოს აკრედიტაციის სავარაუდოდ გაყალბებული მოწმობების ქსეროასლები აღმოაჩინა. ქსეროასლების მიხედვით, აკრედიტაციები გაცემულია სხვადასხვა პირზე, ზოგ შემთხვევაში ერთი და იმავე პირზე ორი სხვადასხვა მოწმობის ასლიც აღმოჩნდა.
აკრედიტაციების ქსეროასლებზე მითითებულია, რომ ეს პირები წარმოადგენენ შემდეგ ორგანიზაციებს: „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, „ALL MEDIA“, „ახალგაზრდა თაობა“, „მომავლის ნათება“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა აკრედიტაციის მოწმობის ქსეროასლები უბანზე, ყუთში, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა უთხრა, რომ „აკრედიტაციები ორ-ორად დაიბეჭდა და ეს უკვე მაკულატურაა“.
აკრედიტაციის ბარათი, რომელსაც ცესკო გასცემს ორგანიზაციის დამკვირვებელზე, გაიცემა მხოლოდ ერთ ეგზემპლარად.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, სარჩევნო უბანზე აღნიშნული ფაქტის გამო საჩივარი არ დაწერილა.
41-ე საარჩევნო უბნის კომისიის მდივანი, გვანცა ქათამაძე ამბობს, რომ უბანზე რამდენიმე დამკვირვებელი იმყოფებოდა იმ სახელის და გვარის, ვისზეც არის აკრედიტაციები გაცემული „მაგალითად, გოჩა ტრაპაიძე და ლეილა ჯინჭარაძე იყო უბანზე დამკვირვებლად, თუმცა თინა ჯიჯავაძე არ ყოფილა. ეს ქსეროასლები ჰქონდათ მათ უბანზე. რატომ ჰქონდათ ქსეროასლები არ ვიცი“, – გვეუბნება კომისიის მდივანი. ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით კი, „ეს საკითხი გასარკვევია“.