კორძაია ცესკოს მოუწოდებს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე დაფიქსირებულ სავარაუდო დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს

223

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე დაფიქსირებულ სავარაუდო დარღვევებზე რეაგირება მოახდინოს. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს მოუწოდა, თითოეული ასეთი ფაქტი სათანადოდ შეისწავლოს.

„პოლიციას ვთხოვთ, დაიწყოს გამოძიება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რუსუდან თათარაშვილი ახორციელებდა კანონდარღვევას, ის ყრიდა კონვერტებს საარჩევნო ყუთში. ამ პროცესს ესწრებოდა ვაზისუბნის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, ხვიჩა ჩალაბაშვილი. როდესაც ჩვენმა წარმომადგენლებმა ეს აღმოაჩინეს, მათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დაპირისპირება დაუწყეს. კიდევ ერთხელ მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი, ხოლო ცესკოს, მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება და ამ უბნის შედეგები გააბათილოს. ცესკო-ს მიერ არასათანადო ადმინისტრირების ფაქტები ვლინდება არაერთ უბანზე. კერძოდ, მარკირების პროცესი მიდის ხარვეზით, რაც გაყალბებას უწყობს ხელს“, – განაცხადა კორძაიამ.

მის შეფასებით, ცესკო არ ახდენს დარღვევებზე რეაგირებას და ამომრჩევლის ხმებს თავის სასარგებლოდ იყენებს. მან კონკრეტული უბნები დაასახელა, რომელიც პრობლემატურია.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ცესკო-ს, მკაცრად გააკონტროლოს აღნიშნული საკითხი და კოვიდუბნებში მყოფ ამომრჩევლებს, არ მისცენ შესაძლებლობა ძირითად უბნებზე მისცენ ხმა, რადგან ეს ხმის ორჯერ მიცემის შესაძლებლობას ქმნის“,-განაცხადა კორძაიამ.