ოზურგეთში ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი დახია

389

დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძეს შტაბში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ ქალაქ ოზურგეთის 60/01 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი თავისი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ დახია. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.

“ამომრჩეველმა თავისი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ საარჩევნო ბიულეტენს ფოტო გადაუღა, რასაც მოყვა მცირე კამათი. ამომრჩეველს უთხრეს, რომ მას ამის უფლება არ ჰქონდა, რის შემდეგ მან ბიულეტენი დახია“, _ გვითხრეს შტაბში.

კონსტანტინე შარაშენიძის შტაბში ასევე გვითხრეს, რომ ტრადიციულად, როგორც ყველა არჩევანზე მობილიზებული არიან “ქართული ოცნების“ კოორდინატორები და ე.წ. “ძველი ბიჭები“.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურშიქალაქში „ქართული ოცნების“ წევრი ლელა საჯაია და  პარტია “საქართველოსთვის“ დეპუტატობის კანდიდატი გიორგი სირაძე არიან.

გურიანთა-მელექედურში (60/11) გამარჯვებისთვის “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ნინო მახარაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი დათა მიქელაშვილი იბრძვიან.

რაც შეეხება 60/12 საარჩევნო უბანს აქ “ქართული ოცნების“ კანდიდატი ტიტე მგელაძე და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი შალვა თავდიშვილი გადავიდნენ მეორე ტურში.

მეორე ტურია ასევე, 60/06 მაჟორიტარულ ოლქში _ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს რაინდი დუმბაძეს და “ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატს გიორგი ჩაგანავას შორის გამარჯვებულს ამომრჩეველი დღეს გამოავლენს.