ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ კენჭისყრის დღე ძალიან მნიშვნელოვანია და მისთვის დიდი პატივია არჩევნებში დამკვირვებლის როლში მონაწილეობა.
“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობ, როგორც დამკვირვებელი, ამ არჩევნებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და მნიშვნელოვანი დღეა. დღე, როდესაც ქართველი ხალხი გამოდის იმისათვის, რომ მისცენ ხმა, უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება მათ მიერ არჩეული ლიდერების და გააკეთონ განაცხადი იმაზე, თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული, იქნება ეს სამუშაო ადგილები, გზები, ჯანდაცვა თუ სხვადასხვა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით რა საარჩევნო უბნებზეც ვიყავი, პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, ყველაფერი არის კარგად ორგანიზებული, ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მისცენ ხმა.
დაცულია უსაფრთხოება კოვიდის მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვიდეს საარჩევნო უბანზე, მისცეს ხნა, უზრუნველყოს, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი და უზრუნველყოს ანგარიშვალდებულება არჩეული პირების, არჩევნები მართლაც არის დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი არსი, ქართველი ხალხი კი ქვაკუთხედია ქართული დემოკრატიის”, — თქვა დეგნანმა.
დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერობისა და მაჟორიტარობისთვის ჯამში 9 პარტიის, ასევე, ორი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს.
2 ოქტომბერს გამართული პირველი ტურის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერი 59-დან 44 თვითმმართველ თემში აირჩიეს და ყველა მათგანი ქართული ოცნების კანდიდატია. 64 მუნიციპალური საკრებულოდან კი დაკომპლექტდა 40.
მეორე ტურში მერი 15 თვითმმართველ თემსა და 5 თვითმმართველ ქალაქში, მათ შორის, თბილისში აირჩევა. გარდა ამისა, მეორე ტური იმართება 24 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგად აირჩევა 42 მაჟორიტარი.