2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, საია საზოგადოებას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 11 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას აცნობს. დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ მასალებზე დაყრდნობით გაგაცნობთ ძირითად ტენდენციებს, რომლებიც გამოვლინდა უბნის მოწყობის, უბნის გახსნის, კენჭისყრის პროცესის დაწყებისა და მიმდინარეობის დროს, ასევე მათ პერიმეტრზე.
კენჭისყრის პროცესი თითქმის ყველა უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. ამავდროულად სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლინდა ცალკეული ფაქტები, რომლებიც შეეხება წილისყრის პროცედურის, ხმის მიცემის წესების და აგიტაციის წესების დარღვევას.
საიამ ამ დრომდე 6 საჩივარი მოამზადა და 4 შენიშვნა დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში:
- მთაწმინდის მე-4 უბანზე ბიძინა ივანიშვილის მიერ ხმის მიცემის დროს საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები, კერძოდ მისი დაცვის წევრები. ასეთი ფაქტი კენჭისყრის დღეს მუდმივად მეორდება ივანიშვილის მხრიდან ხმის მიცემის დროს, დღემდე არ აღმოფხვრილა და კვლავ გრძელდება;
- საბურთალოს 33-ე უბანზე სხვადასხვა ფუნქციების გამოსავლენი წილისყრა ჩატარდა ერთად. ეს შემთხვევა საიამ საოლქო საარჩევნო კომისიაშიც გაასაჩივრა;
- მარტვილის მე-13 უბანზე არასათანადოდ ჩატარდა გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენი წილისყრის პროცედურები. მას შემდეგ რაც პირველად გამოვლენილი გადასატანი ყუთის წამღები კომისიის წევრს არ მისცეს საშუალება გაყოლოდა ყუთს, თავიდან ჩაატარეს წილისყრა და მათთვის სასურველ კომისიის წევრს მიანიშნეს შესაბამის ფურცელზე;
- ზუგდიდის #16 უბანზე მას შემდეგ რაც წილისყრით გამოვლენილმა კომისიის წევრმა უარი განაცხადა რეგისტრატორის ფუნქციის განხორციელებაზე, თავმჯდომარემ პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრით ჩაანცვლა. Ამ შემთხვევის ორივე ეპიზოდი გასაჩვრდა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში;
- ბათუმის მე-9 უბანზე ბიულეტენების პაკეტი დაულუქავ მდგომარეობაში მიიტანეს;
- ვაკის 41-ე უბნის პერიმეტრზე 25 მეტრის რადიუსში ქართული ოცნების სააგიტაციო მასალის არსებობის გამო საიამ გამოიძახა საპატრული პოლიცია, რის საფუძველზეც შედგა რეაგირების ოქმი.
გარდა ამისა, Საიას დამკვირვებლებმა უბნებზე დააფიქსირეს ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების, ფარულობის დარღვევისა და ნების კონტროლის მიმართულებით არსებული დარღვევები.
საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ქვეყნის მასშტაბით 9 მუნიციპალიტეტში 300-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.
არჩევნების დღეს საიაში მუშაობს ცხელი ხაზი ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სურს, მიიღოს სამართლებრივი დახმარება საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.