ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი აზრის კვლევის მწარმოებელ კვლევით კომპანიებს მოუწოდებს, გააფრთხილონ საკუთარი წარმომადგენლები, რომ მოქალაქეებს უბნის გარეთ გაესაუბრონ, ასევე, დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.
ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდა, ხელი შეუწყონ დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას.
„როგორც ცნობილია, არჩევნების მეორე ტურზე, რამდენიმე კვლევითი კომპანია აწარმოებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას. ამ ტიპის გამოკითხვები ყოველ არჩევნებზე ხორციელდება და კვლევით კომპანიებს აქვთ სრული თავისუფლება საარჩევნო უბნის გარეთ გაესაუბრონ მოქალაქეებს. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო უბანზე, კენჭისყრის შენობაში კანონით აკრძალული და დაუშვებელია ეგზიტპოლის ჩატარება. მოვუწოდებთ კვლევით კომპანიებს, რომ გააფრთხილონ საკუთარი წარმომადგენლები აღნიშნულის თაობაზე და დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას“, – განაცხადა იოსელიანმა.