კობახიძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მაინც და მაინც დღეს აპირებს გახდეს ცუდად

223

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, “ცუდად გახდომას” დღეს აპირებს. მმართველი პარტიის ლიდერმა სააკაშვილს სიმულანტი უწოდა.

“რაც შეეხება სააკაშვილს და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს აპირებს, რომ გახდეს ცუდად, აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას. თუმცა ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერანაირი წარმატება”, – განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 20-ე დღეა შიმშილობს. როგორც ადვოკატები ამბობენ, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის მთავრობამ სამედიცინო კონსილიუმი შექმნა, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში მისი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.

იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ სააკაშვილს მხოლოდ მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრში გადაიყვანენ, რასაც არ ეთანხმებიან ადვოკატები. მათი თქმით, გლდანის ციხეში არაა შესაბამისი პირობები, რომ მოშიმშილე ადამიანს უმკურნალონ, ამასთან, არსებობს უსაფრთხოების რისკებიც.

სახალხო დამცველი ასევე აცხადებს, რომ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ცენტრი რეკომენდაციებს არ შეესაბამება.

28 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა “დადგმული აქვს”. ამასთან, სამოქალაქო კლინიკაში ისინი ვერ შეძლებენ უსაფრთხოების დაცვას.