ცესკო: 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება – საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად

269

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, – ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, საარჩევნო უბნები გაიხსნა 07:00 საათზე, უბნებზე სრულადაა დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები.

„საარჩევნო უბნები გაიხსნა, კენჭისყრა დაწყებულია. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება პირბადე, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს აღნიშნულით. ამომრჩეველს უბანზე მისვლისას ორჯერ, მცირე დროით, მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. თუ ამომრჩეველი არ მოიხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი. თერმოსკრინინგის პროცედურას გაივლიან უბანზე ხანგრძლივი პერიოდით მყოფი უფლებამოსილი პირები – კომისიის წევრები, დამკვირვებლები, სუბიექტის წარმომადგენლები, მედია, რათა კენჭისყრის დღეს, ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხები იყოს მაქსიმალურად დაცული“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა ამომრჩეველს ინდივიდუალურ კალამს შესთავაზებს.

„ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადი გამოყენებისთვის. ამომრჩეველი ხმის მიცემის შემდეგ კალამს განათავსებს სპეციალურ კონტეინერში. არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 მუნიციპალიტეტში და 24 საარჩევნო ოლქში ჩატარდება. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც მერსაც და მაჟორიტარსაც ირჩევენ, ამომრჩევლებს გადაეცემათ ორი სახის – მერის და მაჟორიტარის საარჩევნო ბიულეტენი, დანარჩენ შემთხვევაში კი ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. თბილისში ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მხოლოდ საბურთალოს საარჩევნო ოლქში მიიღებენ, სადაც მერთან ერთად საკრებულოს მაჟორიტარსაც აირჩევენ. არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 1830 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 29 სპეციალური უბანი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა მეორე ტურისთვის 2 088 722-ს შეადგენს. თბილისში ამომრჩეველთა რაოდენობა 1 002 525-ია, მათგან 41 314 ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია კრწანისის საარჩევნო ოლქში, არჩევნებში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს. ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებს განახლებული დიზაინის ხმის მიცემის კაბინები დახვდებათ. კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილი იქნება, ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცესკოს სპიკერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია.

“დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის შენობაში ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა. ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. დღეს, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ“, – განაცხადა იოსელიანმა.