დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მოლოდინი აქვს იმისა, რომ მოსახლეობა ღირსეულ არჩევანს გააკეთებს.
„არჩევანი გავაკეთეთ და მხარი მივეცი სტაბილურ განვითარებას, ჩვენი მუნიციპალიტეტის გამოცდილებას, პროფესიონალიზმს და ადამიანურ მმართველობას საწინააღმდეგოდ რეპრესიული სტილის მქონე პარტიისა. აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ ზუგდიდის მოსახლეობა ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე ზუგდიდელი ამომრჩევლები უკმაყოფილო არიან და მაქსიმალურად მობილიზდებიან, აქტიურები იქნებიან. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ. მერე იწყება მთავარი – ზრუნვა ჩვენს მუნიციპალიტეტზე და განვითარების გაგრძელება. ასე რომ, ჩვენ გვინდა მშვიდობა, როგორც დღეს ისე მომავალში, ამას “ქართული ოცნების” ხელისუფლება უზრუნველყოფს”, – განაცხადა მამუკა წოწერიამ.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ზუგდიდის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის. “ნაციონალური მოძრაობიდან” ანზორ მელია, “ქართული ოცნებიდან” მამუკა წოწერია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 67 საარჩევნო ოლქი და 109 საარჩევნო უბანია.
რეგისტრირებულია 119 849 ამომრჩეველი.