როგორც უნდა ითანამშრომლო “ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლის დღის წესრიგი ცენტრალურ დონეზე ძალაუფლების მოპოვება იქნება, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა კითხვას, არჩევნების მეორე ტურში ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში როგორ ესახებათ მათთან თანამშრომლობა.
შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი რომელიმე ქალაქში ოპოზიციის წარმომადგენელი გაიმარჯვებს მუნიციპალიტეტში რევოლუციური კომიტეტი შეიქმნება და ოპოზიციონერი მერი კონსტიტუციას იქნება გაცდენილი.
“რაც შეეხება ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში ოპოზიციის თეორიულ გამარჯვებას და ამის ნეგატიურ ეფექტებს, რა თქმა უნდა, ამას ნაგატიური ეფექტი ექნება, რასაც თავად ოპონენტების განცხადებებში ვხედავთ. მათ არ აინტერესებთ არც ზუგდიდი, არც ქუთაისი, არც თბილისი, არც რუსთავი და არც ბათუმი. მთელი ორი თვე საარჩევნო კამპანია ისე წარმართეს, რომ ერთხელ არ უხსენებიათ გზა, წყალი, გაზი, სკოლა და ბაღი. ბოლო ერთი კვირაა რაღაცა რიცხვებს ამბობენ, რაც არაფერს არ ეფუძნება – არის ჰაერიდან მოტანილი პოპულისტური დაპირებები. სწორედ ეს შეუქმნის პრობლემას ჩვენს მოსახლეობას. “ნაციონალური მოძრაობის“ გაცხადებული გეგმაა, რომ მათ აინტერესებთ არა მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობა, არამედ მათ აინტერესებთ ცენტრალური ხელისუფლება – მთავრობა, პარლამენტი, პრეზიდენტი. პირდაპირ აცხადებენ, რომ ნებისმიერ მუნიციპალიტეტში წარმატების მოპოვების შემთხვევაში, იქედან დაიწყებენ ქვეყნის შეჯანჯღარებას, არევას რათა ძალაუფლება ცენტრალურ დონეზე ჩაიგდონ ხელში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.