დეკანოიძე: ყველა სქემა ვიცით, რომელიც ამოქმედებული აქვთ გაყალბებისთვის და ყველა იქნება მხილებული

698

ყველა სქემა ვიცით, რომელიც ამოქმედებული აქვთ გაყალბებისთვის და ყველა მათგანი იქნება მხილებული. ჩვენ უბნებზე წარმოუდგენელი მობილიზაციით დავიცავთ თითოეულ ხმას – არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ქუთაისელებს და არამხოლოდ მათ, მიმართავს და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს:

“ძვირფასო ქუთაისელებო, მობრძანდით არჩევნებზე ხვალ. ყველა ვინც ხმას აძლევთ ქუთაისში, აუცილებლად ჩამობრძანდით. ჩამობრძანდით იმისთვის, რომ ქუთაისში, წყალტუბოში, ბაღდადში, არა მხოლოდ, ადგილზე დააფიქსიროთ თქვენი ნება, რომელსაც ვერ აღუდგება ის გაყალბების მანქანა, რომელიც დღეს ამუშავებული აქვს ხელისუფლებას” ამბობს დეკანოიძე.

ის გამოეხმაურა ფულის სანაცვლოდ, პირადობების ჩამორთმევის ფაქტსაც და განაცხადა, რომ ოპოზიცია ყველა ხმას დაიცავს:

“პირობას ვიძლევი ჩემს მეგობრებთან ერთად, ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მთელი ამ დღეების განმავლობაში, დღე და ღამეს ასწორებდა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნება ხვალ ყოფილიყო დაცული, პირობას გაძლევთ, რომ თოთოეულ ხმას გავუფრთხილდებით და წარმოუდგენელს ვიზამთ უბნებზე იმისთვის, რომ გარდაუვალი გამარჯვება გავიფორმოთ.

ნუ იქნებით სახლში, ნუ იქნებით მხოლოდ და მხოლოდ ტელევიზორთან, ნუ იქნებით მხოლოდ და მხოლოდ სოციალურ ქსელებში, მობრძანდით უბნებზე” განაცხადა ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე.