ჩემი ბოლო ორ თვიანი საარჩევნო კამპანიის დროს შემოვიარე ყველა მუნიციპალიტეტი და მე იქ, რა თქმა უნდა, ჩემი დაპირებებიც გავეცი, ჩემი ხედვა ავუხსენი ჩვენს მოსახელობას, ვუთხარი, რას ვაპირებთ, როგორ გვესახება და წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნის და რეგიონების განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ის პირადად იქნება ჩართული თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში, პროცესში და პირადად გააკონტროლებს ყველა შეუსრულებელ დაპირებასაც, ყველა შექმნილ პრობლემას, რომელიც წინა წლებში იყო დაგროვილი.
„ყველა ამ საქმეს მე თვითონ გამოვასწორებ, რა თქმა უნდა, ჩემს გუნდთან ერთად. აქედან გამომდინარე, ნუ ექნებათ და მათ არ უნდა ჰქონდეთ არასწორი მოლოდინები და რაღაც ცრუ მოლოდინები არ უნდა შეიქმნან. ანზორ მელია და ვერც თუნდაც ბათუმის მერობის კანდიდატი კირთაძე, რომელსაც 70-ზე მეტი ქონება აქვს 1 ლარად გადაცემული ვარშალომიძის დროს. იგი ჩვეულებრივი მსახური იყო, ვარშალომიძის კორუფციული დავალებების შემსრულებელი იყო. რა თქმა უნდა, არავითარი იდეა და აზრი არ აქვს მათ ამა თუ იმ ოლქში გამარჯვებას. ამის ორი პრეცენდენტი გვაქვს ჩვენ უკვე, ერთი ოზურგეთში და მეორე თიანეთში. ამის თაობაზე მოვყევი და ხალხს ვუთხარი, რომ ჩვენ, 2017 წელს, ამ ორ მუნიციპალიტეტში წავაგეთ არჩევნებში და გაიმარჯვეს სხვა კანდიდატებმა. რა შეიცვალა მათთვის, ამ ორი მუნიციპალიტეტისთვის – არაფერი აბსოლუტურად. იყო სრული დაპირისპირება საკრებულოსთან, ვერ ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება, იჭედებოდა საკითხები, იმიტომ, რომ მერს სხვა აზრი აქვს, საკრებულოს სხვა აზრი აქვს და საბოლოო ჯამში ვინ დაზარალდა – მოსახლეობა. მათზე აისახა ეს რეგრესი და მუდმივი საბოტაჟი. ნაციონალი რომ სადმე, რომელიმე მუნიციპალიტეტში გავიდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება – იქ იქნება ქაოსი, პროვოკაციები, უბედურება, სრული მავნებლობა. აქედან გამომდინარე, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ და მივცეთ ხმა ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობას, იმიტომ, რომ ამას ალტერნატივა არ აქვს. არ იქნება არც განვითარება, არც მშვიდობა, არაფერი არ იქნება, თუ არ იქნება ეს სტაბილურობა ქვეყანაში და ამის შექმნა ჩვენ შეგვიძლია და ეს დავამტკიცეთ ჩვენი საქმით“, – აღნიშნა პრემიერმა.