ISFED-ის მეოთხე ანგარიში: წინასაარჩევნო ფეისბუქკამპანია და ნეგატიური გზავნილები ქართული ოცნებისა და ენმ-ის წინააღმდეგ

204

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველი პარტიის, ნაციონალური მოძრაობისა და ძირითადად, მიხეილ სააკაშვილის მიმართულებით ანონიმურ ფეისბუქგვერდებზე მკვეთრად ნეგატიური კამპანია მიმდინარეობდა. როგორც სამართლიანი არჩევნების (ISFED) ანგარიშში ვკითხულობთ, პოლიტიკოსებთან ერთად, დისკრედიტაციული გზავნილების სამიზნეებად რჩებოდნენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებები და ნაწილობრივ, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

ISFED-ის საანგარიშო პერიოდში, ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე 780 პოსტი გამოქვეყნდა, ხოლო ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციის მიზნით მოქმედ გვერდებზე — 530. ISFED აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, მომხმარებელთა ინტერაქცია ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ გამოქვეყნებულ პოსტებზე მნიშვნელოვნად აღემატებოდა ქართული ოცნების წინააღმდეგ განთავსებული პოსტებისას.

ISFED-ის განცხადებით, შესწავლილ პერიდოში გვერდებზე დასპონსორებული პოსტები ქართული ოცნების სასარგებლო და ენმ-ის საწინააღმდეგო გზავნილებს მოიცავდა. გვერდების ნაწილზე პოზიტიური კამპანია წარიმართებოდა კახა კალაძის სასარგებლოდ. გვერდზე “Samegrelo Times სამეგრელო თაიმსი” რეკლამის სახით განთავსდა ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატის, ანზორ მელიას მადისკრედიტირებელი ვიდეო.

ორგანიზაციის განცხადებით, ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედი გვერდების დისკრედიტაციის სამიზნეს წარმოადგენდა საარჩევნო ადმინისტრაცია, რომლის შედეგებსაც ისინი ეჭვქვეშ აყენებდნენ. ზიარდებოდა პრობლემური ოქმების ფოტოები, რასაც გვერდები არჩევნების გაყალბების დასტურად წარმოადგენდნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია და მისი წარმომადგენლები კი ქართულ ოცნებას დაქვემდებარებულად იყო წარმოჩენილი.

ISFED-ის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გვერდების სამიზნეს წარმოადგენდნენ ქართული ოცნების მერობის კანდიდატები, კახა კალაძე და ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც. ნეგატიური გზავნილებით შეფასდა, აგრეთვე, ტელეკომპანია იმედის განცხადება საგანგებო რეჟიმზე გადასვლის თაობაზე. სამართლიანი არჩევნების თქმით, ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე, პარალელურად, ნაციონალური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი კამპანია მიმდინარეობდა.

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ მოქმედი გვერდების ძირითად სამიზნეს, აქ დისკრედიტაცია მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობა წინააღმდეგ იყო მიმართული. ISFED აცხადებს, რომ ქვეყნდებოდა პოსტები ყოფილი ხელისუფლების პერიოდში გახმაურებული ძალადობრივი საქმეების შესახებ. მათ შორის, ფეისბუქგვერდები აქტიურად ავრცელებდნენ სენსიტიურ ვიზუალურ მასალას, რომელიც შეიცავდა ძალადობის ნიშნებს. სამართლიანი არჩევნების ცნობით, მნიშვნელოვნად გააქტიურდა გვერდი “არქივი”, რომელიც ენმ-ის ხელისუფლებისდროინდელ საარქივო მასალას რეკლამების სახით ათავსებდა. მათივე თქმით, გვერდი დაკავშირებულია ია მეტრეველის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციასთან “დავასრულოთ”.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, გამოიკვეთა სამი გვერდის — “გლდანელი”, “აგიტატორი” და “ვარკეთილი” — სავარაუდო კოორდინირებული მოქმედება. ამასთანავე, გვერდი “აგიტატორი” დაკავშირებულია ხელისუფლების მხარდამჭერ გვერდთან “ივანიშვილის მხარდამჭერები”.

ანგარიშის მიხედვით, ანტიოპოზიციურ გვერდებზე დისკრედიტაციის სამიზნეს ნიკა მელიაც წარმოადგენდა. ფეისბუქგვერდების ნაწილზე ვრცელდებოდა ნარატივი, რომ ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის შორის კონფლიქტია. ნეგატიური პოსტების ნაწილი მიემართებოდა ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს, ანზორ მელიას.

ფეისბუქის გარდა, პოლიტიკური კამპანია მცირე მასშტაბებით წარიმართებოდა ტიკტოკზეც. ISFED-ის განცხადებით, საანაგრიშო პერიოდში გამოიკვეთა პარტიების — 4, პოლიტიკური ლიდერის — 1, ოპოზიციის მხარდამჭერი — 7, ქართული ოცნების მხარდამჭერი — 2, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი — 4, ქართული ოცნების მადისკრედიტირებელი — 6 და ცრუ მედიის ტიპის 5 ანგარიში. გავრცელებული გზავნილები მეტწილად ემთხვეოდა ფეისბუქზე გარვცელებული პოსტების შინაარსს.

სოციალური მედიის მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში იხილეთ აქ: