უგულავა: მზად ვარ, ფოთისთვის ვითანამშრომლო განხორციელებულ ეშმაკთან, ისეთ აბსოლუტურად უსიმპათიო სუბიექტებთან, როგორიც კობახიძე და ღარიბაშვილია

271

ჩემი ქალაქისთვის, აუცილებლობის შემთხვევაში ბუნებრივია, განხორციელებულ ეშმაკთან, აბსოლუტურად უსიმპათიო და გულისამრევ სუბიექტთან მზად ვარ ვითანამშრომლო, როგორიც კობახიძე და ღარიბაშვილია, – ამის შესახებ ფოთში, ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

გიგი უგულავა დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი კანდიდატები გაიმარჯვებენ.

„ისევე როგორც ფოთში, ასევე სხვა ქალაქებში, ოპოზიცია გაიმარჯვებს. ეს ჩანს ყოველდღიურ შეხვედრებზე. დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური კანდიდატების მხარდამჭერებიც მე დამიჭერენ მხარს. ხელისუფლების მხარდამჭერებიც, როდესც გელაპარაკებიან, აღიარებენ, რომ მათ უნდათ ცვლილებები.

ჩემი ქალაქისთვის, აუცილებლობის შემთხვევაში ბუნებრივია, განხორციელებულ ეშმაკთან, აბსოლუტურად უსიმპათიო და გულისამრევ სუბიექტთან მზად ვარ ვითანამშრომლო, როგორიც კობახიძე და ღარიბაშვილია, – თუ ეს სჭირდება ფოთს და ამას მავალდებულებს კანონი. ეს ბატონები რომ საუბრობენ, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ტრანსფერს არ მივცემთო, პირდაპირ საბოტაჟზე საუბრობენ. არ მისცემ, რას ნიშნავს? – რაც კანონით არის განსაზღვრული, ის უნდა მისცე“, – განაცხადა გიგი უგულავა.

გიგი უგულავა პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა და მოქალაქეებს თხოვა, ოპოზიციისთვის ხმის მიცემით მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადაარჩინონ.

“ამ არჩევნებზე თითოეულ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა, უბრალოდ ერთი ადამიანი გადავარჩინოთ და ამით გადავარჩინოთ სირცხვილს და კატასტროფას ჩვენი ქვეყანა. აღარ ვიტყვი, რომ ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, რა დამსახურებები აქვს, გიყვარს-არ გიყვარს, მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ თქვენი ერთი მოქმედებით მიეცით ხმა ოპოზიციას იმ ქალაქებში, სადაც არის მეორე ტური და ამით თქვენ ადამიანს გადაარჩენთ. ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე დიდი სიკეთე უბრალოდ არ არსებობს. ვისაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება გაქვთ, არ დაიზაროთ, მიდით და გადაარჩინეთ ერთი ადამიანი. მენდეთ, ეს იქნება უდიდესი სიკეთე, რომელიც თითოეულ თქვენგანს მოუტანს ბედნიერებას”, – აღნიშნა უგულავამ.