თანამდებობის პირთა თუ არჩევნებისას პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატთა კვალიფიკაცია, მათი ქონებრივი მდგომარეობა და ბიზნესინტერესები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას შემდეგ პირებზე:
- ზუგდიდის მერობის კანდიდატები;
- პარტიების მიერ ზუგდიდის საკრებულოში წარდგენილი საარჩევნო სიების პირველ ნომრები;
- პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში წარდგენილ მერობის კანდიდატები
წარმოდგენილი ინფორმაცია ჩვენ მიერ საჯარო რეესტრის მონაცემებისა და ზოგიერთი კანდიდატის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციების ანალიზს ეფუძნება.
კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოიკვეთა:
- ზუგდიდის მერობის კანდიდატად 6 პირია რეგისტრირებული, ამათგან 5 სხვადასხვა პარტიის მიერ წარდგენილი, ერთი კი დამოუკიდებელი კანდიდატია;
- ზუგდიდის მერობის ექვს კანდიდატს შორის მხოლოდ ერთია ქალი – ლელა ქებურია (ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის);
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისათვის წარდგენილი პარტიულ სიების პირველ ნომრებს შორისაც ქალი მხოლოდ ერთია (ანა წითლიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა);
- სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი მერობის 9 კანდიდატიდან, 6 შესაბიმისი მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელია (ზუგდიდი, ხობი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მესტია, მარტვილი);
- ქართული ოცნებიდან წარდგენილი მერობის სამი კანდიდატი – ლაშა გოგია (ზუგდიდი), გოჩა ქაჯაია (ხობი) და გოჩა კურდღელია (ფოთი) წინა წლებში იყვნენ შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ან/და საკრებულოს თანამდებობის პირები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”;
- ქართული ოცნების მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის ლაშა გოგია (ზუგდიდი), გოჩა კურდღელია (ფოთი) და ლევან მაკალათია (აბაშა) არიან ბიზნესკომპანიების მეწილეები ან/და ხელმძღვანელები, წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია კი ბიზნესწილებს წარსულში ფლობდა;
- წილები ცალკეულ კომპანიებში ასევე ფლობენ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან კონჯარია და ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი დომენტი სიჭინავა;
- “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ფოთში, გოჩა კურდღელია ერთადერთია, რომელსაც შემოწირულობები ორი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის აქვს გაკეთებული – მან თანხა 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 2016 წელს კი “ქართულ ოცნებას” შესწირა;
- ზუგდიდის მერობის სამ კანდიდატს ლელა ქებურიას, ლევან კონჯარიასა და ლაშა გოგიას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილი ბოლო დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული.
იხილეთ კვლევა სრულად: ზუგდიდსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილი კანდიდატების ქონება